სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო.
შეხვედრის დაწყებამდე მხარეთა დელეგაციებს მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
"სამართლიანი მშვიდობა ყველა მხარის გამარჯვებაა და შეტაკებების გაგრძელება არც ერთ მხარეს არ მოუტანს სარგებელს... მსოფლიო საზოგადოება სტამბოლში შეხვედრის მონაწილეებისგან პოზიტიურ გადაწყვეტილებებს ელის. ომში გამარჯვებულები არ არიან. დადგა დრო მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. თურქეთს ეს გულწრფელად სურს და მზად ვართ, დაგეხმაროთ", - განაცხადა მან.
"კიევისთვის სტამბოლის მოლაპარაკებების "მინიმალური პროგრამა" ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაა, "მაქსიმალური პროგრამა" არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ შეხვედრის წინა დღეს.
მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა ბელორუსის საზღვარზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის, დეესკალაციის ან ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით რაიმე პროგრესი არ მიღწეულა.