უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არის უკრაინული მხარის მაქსიმალური ამბიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიო წითელი ხაზები დააწესა.
"ჩვენ არ ვვაჭრობთ ხალხით, ტერიტორიით და სუვერენიტეტით", - თქვა კულებამ.
"პროგრამა მინიმუმი იქნება ჰუმანიტარული საკითხები, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა", - თქვა კულებამ უკრაინულ ტელევიზიაში სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ცოტა ხნით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრები, რომლებიც უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან აქვს, "პოზიტიური მიმართულებით" მიმდინარეობს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ სტატუსთან და ქვეყნის არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, 29 მარტს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაიწყება რუსულ-უკრაინული დელეგაციების ორდღიანი პირისპირ მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა ბელორუსის საზღვარზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ან დეესკალაციის მიმართულებით რაიმე პროგრესი არ მიღწეულა.