თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა რეჯებ ტაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა კვირას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისკენ.
ამავდროულად, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ სტამბოლი იქნება რუსეთ-უკრაინის შემდეგი მოლაპარაკებების ადგილი.
მანამდე, მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი დავით არახამია იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში იგეგმებოდა, თუმცა კონკრეტული ქალაქი არ დაუსახელებია.
არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 28-30 მარტს გაიმართება. მანამდე, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებდა, რომ შეხვედრა 29-30 მარტს გაიმართებოდა.
შეგახსენებთ, 10 მარტს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ერთი რაუნდი უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განიხილეს, თუმცა რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს არ მოჰყოლია.