რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა" რუსულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ, ინტერვიუს გამოქვეყნება აუკრძალა.
"იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებმაც ინტერვიუ აიღეს, დაწყებულია შემოწმება პასუხისმგებლობის ხარისხის დასადგენად და რეაგირების ზომების მისაღებად", - ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.
ამასთან, "როსკომნადზორი" არაფერს ამბობს, თუ რის საფუძველზე უნდა თქვან უარი მედიასაშუალებებმა მასალის გავრცელებაზე.
27 მარტს, უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერეს "მედუზას" მთავარმა რედაქტორმა ივან კოლპაკოვმა, ტელეარხ "დოჟდის" მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ, ჟურნალისტმა და მწერალმა მიხაილ ზიგარმა და "კომერსანტის" სპეციალურმა კორესპონდენტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა.
ითვლება, რომ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ რუსულ მედიასთან ომის დაწყების შემდეგ.
შეგახსენებთ, რუსეთში "მედუზა" და "დოჟდი" დაბლოკილია.
"მედუზას" ვებგვერდზე ინტერვიუს ვიდეო და ტექსტური ვერსია უკვე გამოქვეყნდა.