თურქეთს და სხვა ქვეყნებს ჯერ კიდევ სჭირდებათ რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელება უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა.
"თუ რუსეთთან ყველა დაწვავს ხიდებს, მაშ ვინ დაელაპარაკება მათ? უკრაინელებს უნდა დავუჭიროთ მხარი ყველა შესაძლო საშუალებით, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. მაგრამ, ასე თუ ისე, რუსეთის მოსაზრებებიც უნდა იყოს მოსმენილი", - თქვა კალინმა დოჰაში გამართულ ფორუმზე.
ნატოს წევრი თურქეთი აცხადებს, რომ კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში გაჩაღებული ომის დასრულებაში.
ანკარა ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, ამავდროულად, ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს და არ უერთდება მათ.
თურქეთის ეკონომიკა, რომელიც უკვე დასუსტებულია დეკემბრის სავალუტო კრიზისით, დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე, ვაჭრობასა და ტურიზმზე. ომის დაწყების შემდეგ, ათასობით რუსი ჩავიდა თურქეთში, რომლებიც მას სანქციებისგან უსაფრთხო თავშესაფარად მიიჩნევენ.
მანამდე, სანქცირებულ რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ორი სუპერიახტა თურქეთის პორტში შევიდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ახლა ევროკავშირის ქვეყნებში სანქციების გამო დაყადაღებული ქონების გადარჩენას ცდილობენ, შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა თურქეთში, თუ მათი საქმიანობა საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაარღვევს.