უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის "კორეულ სცენარს" განიხილავს.
"კივეთან განცდილი მარცხისა და უკრაინის ხელისუფლების დამხობის გეგმის ჩაშლის შემდეგ, პუტინი ცვლის მთავარ ოპერატიულ მიმართულებას - სამხრეთით და აღმოსავლეთით. არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ის უკრაინისთვის განიხილავს "კორეულ სცენარს". ანუ შეეცდება ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გამყოფი ხაზის გავლებას. ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა უკრაინაში შექმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ვინაიდან მთლიანად სახელმწიფოს გადაყლაპვა მის ძალებს აღემატება", - განაცხადა ბუდანოვმა.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის რეჟიმისთვის დღემდე აქტუალურია ანექსირებულ ყირიმში სახმელეთო დერეფნის გაჭრის საკითხი, თუმცა ამ გეგმის რეალიზაციაში მას ხელს უშლის დაუმორჩილებელი მარიუპოლი.
მისივე თქმით, ოკუპანტები შეეცდებიან გააერთიანონ ოკუპირებული ტერიტორიები ერთ კვაზისახელმწიფოებრივ ერთეულში.