"კიევი არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ სამხრეთ კავკასიაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ იღებს სეპარატისტების მიერ თვითნებურად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას", _ განაცხადა იუშჩენკომ.
მისი თქმით, ეს კონფლიქტი "აუცილებლად უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და გაეროს წესდების თანახმად, ჰელსინკის აქტის თანახმად და ყველა იმ დოკუმენტის თანახმად, რომელიც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკას არეგულირებს".
"ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", _ აღნიშნა იუშჩენკომ და დასძინა, რომ "ამის დასტური არის ის, რომ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ბოლო ორ წლის განმავლობაში უკვე მეათედ ხვდებიან".