აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატო-ს სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-5 მუხლის დაცვა მისი ქვეყნის წმინდა მოვალეობაა. ამის შესახებ ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მეხუთე მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას და ყველა ქვეყანა ერთვება აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბაიდენმა ეს განცხადება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების შეშფოთების ფონზე გააკეთა. ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინს ნატო-ს დაშლის იმედი ჰქონდა, თუმცა შეცდა.
დღეს, ბაიდენმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვთან შეხვედრა გამართეს. ბაიდენმა უკრაინელ მინისტრებს გააცნო ინფორმაცია აშშ-ს ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიმართულია მსოფლიოს გაერთიანებისაკენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ასევე, მხარეებმა იმსჯელეს შეერთებული შტატების ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია პუტინის პასუხისგებაში მისაცემად, რომელსაც თეთრი სახლი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინაციაში ახორციელებს. შეხვედრზე ასევე საუბარი იყო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე.
როგორც დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაიდენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის საბოლოო გამარჯვებამდე. მისი თქმით, ბაიდენს კარგად ესმის, რომ ეს არ არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, არამედ ეს არის ტირანიის ბრძოლა მთელი სამყაროს წინააღმდეგ.