უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 136 ბავშვი დაიღუპა, 200-მდე კი დაიჭრა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"ჩვენს ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის 31-ე დღის მონაცამებით, დაიღუპა 136 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 199-მა ბავშვმა. ყველაზე მეტად ბავშვები დაშავდნენ კიევის (64), ხარკოვის (44), დონეცკის (50), ჩერნიჰოვის (38), მიკოლაევის (28), ლუჰანსკის (25), ზაპოროჟიეს (17), ხერსონის (20), ჟიტომირისა (15) და სუმის (14) ოლქებში, ხოლო დედაქალაქში - 16“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ინტენსიური დაბომბვების შედეგად დაზიანდა 570 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 73 მთლიანად დაინგრა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიჰოვის ოლქებსა და ქალაქ კიევში.
გარდა ამისა, მტრის დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ბავშვთა 40-ზე მეტი დაწესებულება, მათ შორის სამკურნალო, დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ინტენსიური ცეცხლის გამო ცხელი წერტილებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დათვალიერება ვერ ხერხდება.