შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ჩავიდა, სადაც უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
პრეზიდენტ ბაიდენს თან ახლდა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა. ლიდერებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა დასავლეთს შეუძლია, არის გაერთიანება, დემოკრატიის დაცვა და ნგრევის შეჩერება, რომელიც პუტინის დაკვეთით ხორციელდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ნამდვილი ომის დამნაშავეა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მისი შეჩერებისა და უკრაინის დახმარებისკენ.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, არის გაერთიანება, დემოკრატიის დაცვა, რათა შევაჩეროთ ნგრევა, რომელიც ერთი ადამიანის ხელით ხორციელდება. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] ომის დამნაშავეა და ის ასევე აკმაყოფილებს ამ ტერმინის სამართლებრივ განმარტებას", - თქვა ბაიდენმა.
ამანსთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში 10 მლნ ადამიანი იძულებული გახდა თავიანთი სახლები დაეტოვებინა, 3,8 მლნ-მა კი, ქვეყანიდან წავიდა, მათ შორის უამრავი ბავშვია.
ამასთან, მისივე თქმით, ასი ათასობით ადამიანი მოწყვეტილია დახმარებას, როგორც ეს მარიუპოლშია. "ამის წარმოდგენა შეუძლებელია, ეს მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს",- დასძინა ბაიდენმა.
"მე ვნახე ეს კატასტროფა, ბავშვები, ჩვილები, დედები. აუცილებელი არ არის იცოდე მათი ენა, საკმარისია ღრმად ჩახედო თვალებში, რომ დაინახო ეს ტკივილი, რომელიც თვალებში აქვთ... არაფერია მშობლებისთვის იმაზე უარესი, ვიდრე შვილების ტანჯვა", - აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ შეუძლია უკრაინაში ჩასვლა და თავისი თვალით ნახვა, რაც იქ ხდება. მან თქვა, რომ "არ აძლევენ ამის უფლებას".
შეგახსენებთ, ბაიდენი პოლონეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს, ის ჟეშუვში იმყოფებოდა, ხვალ კი შეხვედრებს ვარშავაში გამართავს.