უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას და კიევის ოლქის ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადადიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
ბოლო 24 საათში უკრაინის დამცველებმა 12 ტანკი, რამდენიმე ვერტმფრენი, ათამდე ჯავშანმანქანა და 300-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს.
დენისენკოს თქმით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბარიშევკის, გოსტომელისა და ირპენის რაიონებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ კონტრშეტევას ადასტურებს ბრიტანეთის დაზვერვაც. მტერს კვლავ საკვები პროდუქტების, საწვავისა და ლოჯისტიკის პორბლემები აქვს.
24 მარტს ბუჩის საქალაქო საბჭოში განაცხადეს, რომ უკრაინის დამცველებმა შეძლეს ირპენის, ბუჩისა და გოსტომელის რკალის გარღვევა, თუმცა უახლოესი სოფლები ჯერ კიდევ ოკუპანტების ხელშია.
პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, 24 მარტის მდგომარეობით, კიევის შემოგარენში 12 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძალოა, ნაკლები იყოს. არესტოვიჩის თქმით, 12 ათასი სამხედროდან 3 ათასი ალყაშია, კიდევ 4 ათასი კი მათთვის არასასურველ ადგილზე იმყოფება.