დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინიციატივით გამოვიდა, რომ 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი უკრაინაში ჩატარდეს. ჯონსონმა ეს იდეა მას მერე წამოაყენა, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ტურნირის მიღების სურვილი რუსეთმა გამოთქვა.
"მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ რუსეთს უნდა რაიმე სპორტული ან კულტურული ღონისძიება ჩაატაროს, სატირის ჩარჩოების მიღმა გადის. არც კი ვიცი, საერთოდ ვინმე თუ არის, ვინც მათ განაცხადს სერიოზულად განიხილავს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუკი რუსები ჯარს გაიყვანენ და ევროპის ჩემპიონატს სწორედ უკრაინა მიიღებს", - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე.
ევრო 2028-ის მასპინძლობისთვის სამი კანდიდატი დარეგისტრირდა: დიდი ბრიტანეთი/ირლანდია (ერთობლივი განაცხადი), თურქეთი და რუსეთი. თურქეთისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციები ევროპის ჩემპიონატის ჩატარების სურვილს 2032 წლისთვისაც აცხადებენ. მათ გარდა, მესამე კანდიდატია იტალია.