ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა დღევანდელი სამიტის შედეგების შესახებ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა.
"ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა და გავუწიოთ შემდგომი მხარდაჭერა უკრაინას", - თქვა მან.
სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტი გაკეთდება უკრაინის კიბერუსაფრთხოების მხარდასაჭერად და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს პასუხისმგებლობაა, არ გავრცელდეს კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს გარეთ.
"მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის დამატებით დახმარებაზე, რომ მხარი დავუჭიროთ, დაიცვან თავდაცვის უფლება. ალიანსი უკრაინას აძლევს სამხედრო დახმარებას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე უპილოტო თვითმფრინავებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალიან ეფექტურია. ასევე უკრაინას ვაძლევთ არსებით ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. დღეს შევთანხმდით, რომ მეტს გავაკეთებთ, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით, ასევე უკრაინისთვის აღჭურვილობის მიცემით, რომელიც საჭიროა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, კონფლიქტი მეტად არ გავრცელდეს, რადგან ეს შესაძლოა, იყოს მეტად სახიფათო და გამანადგურებელი", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ ჩინეთს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, ხელი შეუწოს მშვიდობის აღდგენას და თავი შეიკავოს რუსეთისთვის დახმარების გაწევისგან.