შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები დაუწესდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმა), როგორც ორგანიზაციას და ასევე მის 328 დეპუტატს.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქმედებებს, რომლებიც "მიზნად ისახავს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ "სბერბანკის" ხელმძღვანელი გერმან გრეფი, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო კომპლექსთან დაკავშირებული ათეულობით საწარმო და კომპანია.
ამავდროულად, სანქციებს დაექვემდებარება რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან ოქროთი ოპერაციები.
"რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ ოქროსთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია ექვემდებარება არსებულ სანქციებს", - ნათქვამია შეტყობინებაში.