ნატო-ს მოკავშირეები საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ჩარევის გამო, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე, იენს სტოლტენბერგმა "ნატო-საქართველოს სწავლება 2022"- ის ფარგლებში გამართული ღონისძიების მონაწილეებს მიმართა.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლა.
„ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს ნატოს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, მათ შორის ყველა ქვეყნის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასევე საქართველოს უფლებაა და მას პატივი უნდა სცენ. ძლიერი და ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გასაღებია და ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.