აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტყობინება CNN.
პოლიტიკოსისა და დიპლომატის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მადლენ ოლბრაიტი გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა.
ოლბრაიტი იყო პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა. კლინტონის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ოლბრაიტი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
შემდეგ, ის შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი გახდა. ამ თანამდებობას ოლბრაიტი 1997-2001 წლებში იკავებდა.
იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში.
ბოლო წლებში, მადლენ ოლბრაიტი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა. ის რამდენჯერმე სტუმრობდა საქართველოს.
მადლენ ოლბრაიტი პირველად საქართველოში 1994 წლის სექტემბერში, გაეროში ამერიკის ელჩის სტატუსით ჩამოვიდა. მან მაშინ თბილისის გარდა, ზუგდიდი და აფხაზეთიდან ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები მოინახულა.