ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომსა და მის შედეგებზე ისაუბრა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინელი ხალხი მამაც წინააღმდეგობას უწევს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.
"ყოველ დღე საშინელ სურათებს ვხედავთ ალყაში მოქცეული უკრაინული ქალაქებიდან, ვუყურებთ მარიუპოლის, ხარკოვისა და კიევის გარეუბნების განადგურებას. ალყისა და დაბომბვის შემდეგ ოკუპაციის რეალობა ისეთივე შემზარავია. ახალი სურსათი ფუფუნებად იქცა, საავადმყოფოებსა და აფთიაქებში მედიკამენტები იწურება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში და აპროტესტებს შეჭრას და ოკუპაციას. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში ოკუპანტი ჯარისკაცების ცხვირწინ ლურჯ-ყვითელ დროშებს აფრიალებენ. და ეს პროტესტი არ წყდება მას შემდეგაც, რაც რუსი ჯარისკაცები სცემენ და ესვრიან მათ. პატივცემულო პარლამენტარებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა. და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა", - თქვა ევროკომიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიულ წარუმატებლობად იქცეს.
"სწორედ ამიტომ, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, გამოეყოთ 1 მილიარდი ევრო მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის. უკრაინის მხარდაჭერა ასევე ნიშნავს იმ რესურსების ამოწურვას, რომელსაც პუტინი იყენებს თავისი სასტიკი ომის დასაფინანსებლად. გასულ კვირას ჩვენ შევთანხმდით უპრეცედენტო სანქციების მეოთხე პაკეტზე. ჩვენ მკაცრად ვუზღუდავთ რუსეთს წვდომას ჩვენს ბაზრებზე. იმიტომ, რომ რუსეთმა არ უნდა ისარგებლოს იმ წესებზე დაფუძნებული წესრიგით, რომელსაც ასე უხეშად არღვევს. ჩვენ ვაჩერებთ ახალ ევროპულ ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ ენერგეტიკული დამოკიდებულება, რომელიც გვსურს უკან მოვიტოვოთ. ვაგრძელებთ ზეწოლას პუტინთან დაახლოებულ რუსული ელიტის წევრებზე, მათ იახტებზე, პრესტიჟულ ვილებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე ნადირობით. იმიტომ, რომ მათ, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომს, არ უნდა შეეძლოთ დატკბნენ მდიდრული ცხოვრების წესით, მაშინ როცა ბომბები ეცემა უკრაინას", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.