ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უპასუხისმგებლო და სახიფათო უწოდა კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებას, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს სახიფათო და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას "მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან ნებისმიერ დროს".
"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ის ვერასოდეს მოიგებს ბირთვულ ომს. ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი... ის მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ არის კონფლიქტის ნაწილი", - დასძინა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის, თუმცა გააგრძელებს მის მხარდაჭერას.
"ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გაცდეს უკრაინის ფარგლებს და არ გადაიზარდოს ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში. ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სიკვდილს და კიდევ უფრო მეტ განადგურებას", - თქვა მან.
შეგახსენებთ, კრემლის პრესსმდივანმა დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ ჩათვლის, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება.