ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომსა და ხვალინდელ საგანგებო სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.
სტოლტენბერის განცხადებით, ნატოს ქვეყნების ლიდერები ხვალინდელ სამიტზე შეთანხმდებიან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერებაზე, ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგებით ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში.
მისივე თქმით, ალიანსი გეგმავს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინას გადაეცემა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება თავი დაიცვას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან.
"ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გაცდეს უკრაინის ფარგლებს და არ გადაიზარდოს ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში. ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სიკვდილს და კიდევ უფრო მეტ განადგურებას", - თქვა მან.
სტოლტენბერგის განცხადებით, ხვალინდელ სამიტზე განიხილება საკითხი საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.
"ვიმედოვნებ, შევთანხმდებით, გავაძლიეროთ ინიდივდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა არიან", - თქვა სტოლტენბერგმა.
"ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვაში", - დასძინა მან.
24 მარტს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების საგანგებო სამიტი იმართება. სამიტს პირადად დაესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ონლაინფორმატში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.