კვების და სასმელი პროდუქტების მწარმოებელმა მსოფლიოში უმსხვილესმა შვეიცარიულმა კომპანია Nestle-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე რუსეთში აწარმოებს მხოლოდ პირველადი საჭიროების პროდუქციას - ბავშვთა და სამკურნალო პროდუქტებს.
"რუსეთში ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებული იქნება მხოლოდ საბაზისო პროდუქტებით უზრუნველყოფაზე, ისეთების როგორებიცა ბავშვთა კვება, სამედიცინო და სამკურნალო პროდუქცია და არა მოგებაზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, რუსეთში შეჩერდება KitKat-სა და Nesquik-ის წარმოება.
გავრცელებულ განცხადებაში, კომპანია აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს უკრაინას და ძალისხმევას არ იშურებს უკრაინიდან ლტოლვილთა დასახმარებლად ფინანსური სახსრების გაწევისთვის.
10 მარტს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში წყვეტს ინვესტიციებს და უარს ამბობს რეკლამაზე, თუმცა რუსული საწარმოები მუშაობას გააგრძლებენ.
მეორე დღეს კი Nestle-მ განაცხადა, რომ რუსეთში წყვეტს პროდუქციის იმპორტს, გარდა პირველადი საჭიროების პროდუქტებისა - ბავშვთა კვების, ფაფების, სპეციალიზირებული საკვებისა, ასევე შინაური ცხოვლებისთვის სამკურნალო საკვებისა.
კომპანიამ აღნიშნა, რომ წყვეტს ყავის აპარატების Nespresso-სა და მისი კაფსულების მიწოდებას. რუსეთში Nestle-ს ეკუთვნის შვიდი საწარმო.
წარსულში Nestle-ს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისგან განსხვავებით, არ შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.