დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლა.
ნატოს მოკავშირეთა სახმელეთო ძალების სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლა ძანელისთან და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორთან, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელასთან საუბრის თავარი თემა ნატოს-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, შავი ზღვის სტრატეგიულ დიალოგში ჩართულობა და რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო იყო.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით განაგრძობს რეფორმებს თავდაცვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს მესამე სწავლებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები მასპინძლობს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სწავლება ნათლად აჩვენებს საქართველოს საწვრთნელ შესაძლებლობებს, რომელიც უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებისთვის პარტნიორებს მაღალი სტანდარტების, ფართომასშტაბიან და ეფექტიან საწვრთნელ გარემოს სთავაზობს.
საქართველოში ვიზიტით ასევე იმყოფება დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე დევიდ კატლერი იმყოფება.
დევიდ კატლერმა შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძემ და კატლერმა შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.
"მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები.
აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება", - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ნატო-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს და მსხვერპლს, რომელიც გაღებულ იქნა ჩვენი საერთო უსაფრთხოების დასაცავად. ასევე გვაქვს ჩვენი ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენი ერთობლივი მუშაობა იცავს ჩვენს ხალხს. პარტნიორობა ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დევიდ კეტლერმა.
სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა.