ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონალური შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ევროკავშირი მზად არის გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად.
უმაღლესმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს. მათ რეგიონის უსაფრთხოებაზე ამ მოვლენების ზეგავლენა და ასევე რუსეთის აგრესიის მიერ პროვოცირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები განიხილეს.
უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ჟოზეპ ბორელთან საუბრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერდა.
"ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებული გზისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე.
მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერისთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.