რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კედელთან არის მიყენებული, ვინაიდან არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბსა და ძალას, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. იუწყება CNN
"რაც უფრო დიდხანს იქნება პუტინის ზურგი კედელზე მიბჯენილი, მით უფრო სასტიკ ტაქტიკას გამოიყენებს", - განაცხადა ბაიდენმა. ამის დასადასტურებლად მან უკრაინაში რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება დაასახელა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინი ეცდება დაიწყოს ოპერაცია "ყალბის დროშის" ქვეშ, მათ შორის მისგან მოსალოდნელია ქიმიური თავდასხმაც. "როდესაც ის იწყებს საუბარს, რომ თითქოს ნატო, უკრაინა ან შეერთებული შტატები გეგმავენ რაღაცის გაკეთებას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ თავად გეგმავს ამის გაკეთებას და ეს ხუმრობა არ არის", - აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას ბაიდენი ბრიუსელში ნატოელ მოკავშირეებს, G7-ის ლიდერებსა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრებზე საუბარი იქნება უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებაზე. 25 მარტს კი პოლონეთში ჩავა.