პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინისთვის შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, იუწყება CNN.
"ეს ხანგძლივი მოლაპარაკებებია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ არა მხოლოდ ამ ქვეყანასთან (სლოვაკეთთან), არამედ სხვა ქვეყნებთანაც, თუ როგორ გადავცეთ უკრაინას თავდაცვის ტიპის შეიარაღება, მათ შორის შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომელთა გამოყენებაც მათთვის [უკრაინელებისთვის] მოსახერხებელია და სწავლება გაიარეს", - განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, ამჟამად პენტაგონს ამ მიმართულებით არ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ აშშ აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.
"ჩვენი სურვილია, ეს პროცესი დაჩქარდეს, მაგრამ ცხადია, არსებობს სუვერენული გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. ეს არის სისტემები, რომლებიც მათ თავიანთ შეიარაღებაში აქვთ. ამიტომ ისინი უნდა დაფიქრდნენ, შეუძლიათ თუ არა მათი გადაცემა ასე სწრაფად", - განმარტა კირბიმ.
აშშ მოლაპარაკებას მართავს სლოვაკეთთან, რომ მან უკრაინას საბჭოთა წარმოების ეს-300-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს.