ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ განაცხადა, რომ ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის იმსჯელოს ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
ბორელიმ ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამიტის წინ განაცხადა.
"ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სანქციები შეგვიძლია დავუწესოთ, მეტი სანქციები. კერძოდ ენერგეტიკის სფეროში", - თქვა ბორელიმ.
მან დაადასტურა, რომ მინისტრები განიხილავენ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას.
ბორელიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის.
"ის რაც მარიუპოლში ხდება, ეს არის მასშტაბური ომის დანაშაული, საშინელება, ჩვენ ეს კატეგორიულად უნდა დავგმოთ, ქალაქი სრულად დანგრეულია, ხალხი იღუპება", - თქვა მან.
ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს უახლოეს ხანებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევრო გამოყოს.