"ედუარდ შევარდნაძის დროს, კორუმპირებულ სასამართლოში ფულის გადახდის შემდეგ, ხანდახან მაინც იყო შესაძლებლი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თარგამაძის თქმით, დღევანდელ სასამართლოში საბედნიეროდ აღარც ფულის გადახდაა შესაძლებელი, თუმცა აღარც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არსებობს.
"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს საქართველოში "დამნაშავეა" და საპროცესო გარიგება აქვს გაფორმებული. თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელსაც კრიმინალის სტატუსი არ აქვს მინიჭებული", - აღნიშნა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ხელისუფლებას შეახსენა, რომ როცა წარმატებულ რეფორმებზე საუბრობს, კომუნალური ტარიფები არ უნდა დაავიწყდეს.
"ჩვენს ქვეყნაში კომუნალური ტარიფები 20-50%-ით მეტია მეზობელი ქვეყნებთან შედარებით", - აღნიშნა მან.