ჩინეთი, უკრაინაში სასტიკის ომის გაჩაღების გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აღმაშფოთებელს უწოდებს.
პეკინში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლე იუჩენგმა განაცხადა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო და უფრო აღმაშფოთებელი ხდება".
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთულ აქტივებს "უმიზეზოდ ართმევენ".
"ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანქციები პრობლემებს ვერ აგვარებს. სანქციები მხოლოდ ზიანს აყენებს ჩვეულებრივ ადამიანებს, გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე და აუარესებს გლობალურ ეკონომიკას", - თქვა ჩინელმა დიპლომატმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გასაგები უწოდა "მოსკოვის შიშებს ნატოს მიმართ" და განაცხადა, რომ ალიანსი არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით და კუთხეში არ უნდა მოიმწყვდიოს რუსეთი".
"აბსოლუტური უსაფრთხოებისკენ (ნატოს მიერ) ეს მისწრაფება სწორედ აბსოლუტურ არაუსაფრთხოებამდე მიგვიყვანს. წამყვანი სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ბირთვული ძალის კუთხეში მიყენების შედეგები კი კიდევ უფრო წარმოუდგენელია", - დასძინა დიპლომატმა.
ჩინეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორის, რომელიც არ აკრიტიკებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. მეტიც, ჩინეთი საერთოდ არ იყენებს სიტყვა "შეჭრას" ამ კონტექსტში.
ბოლო დღეებია დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვმა პეკინს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა, რაზედაც ჩინეთმა სავარაუდოდ თანხმობით უპასუხა. ამ ინფორმაციის ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და გააფრთხილა, თავი შეიკავოს რუსეთისთვის დახმარების გაწევაზე.