გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში იმის გამო შეიჭრა, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი და დემოკრატიული ერი.
კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "აშკარაა, პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა" უკრაინაში შეჭრით.
"პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გეზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში - ეს ნიშნავს დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისს. დაშინების ხანას მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონმა დასძინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა გადადგას "გაბედული ნაბიჯები", რათა "დაასრულოს ჩვენი დამოკიდებულება" რუსეთის ნავთობსა და გაზზე.
"დროა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ენერგომომარაგებაზე," - თქვა ჯონსონმა და აღიარა, რომ ამას აქვს "ფასი", მაგრამ "არაფრის გაკეთების საფასური ბევრად უფრო მაღალი იქნება".