უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლა. მორდვიჩევი ოკუპანტების უკვე მეხუთე გენერალია, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს. ამის შესახებ მედიას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განუცხადა.
"ჩერნობაევკაში გავანადგურეთ მეხუთე გენერალი. ეს არის გენერალ-ლეინტენანტი მორდვიჩევი, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დონბასზე პასუხისმგებელი იყო. მეხუთე გენერალი სამ კვირაში! მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ საბჭოთა კავშირს სამ კვირაში ხუთი გენერალი დაეკარა", - თქვა დენისენკომ.
უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა არაერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი გააუვნებელყვეს, მათ შორის, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობაევკის აეროდრომზე რუსების პოზიციები ჯერ კიდევ 27 თებერვალს განადგურდა. "ბაირახტარებით" მიტანილი იერიშების შედეგად უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების ვერტმფრენები გაანადგურეს, რის შემდეგც რუსებმა ახალი ვერტმფრენები განათავსეს.
7 მარტს უკრაინელებმა მტრის 30 ვერტმფრენი გაანადგურეს, 16 მარტს ცნობილი გახდა რუსული არმიის კიდევ 7 საბრძოლო ვერტმფრენის განადგურების შესახებ.
18 მარტს უკრაინელმა ჯარიკაცებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული შეიარაღების სამეთაურო პუნქტი არმიის მეთაურთან ერთად.