სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე გავლენის მოსახდენად. მე ვაცხადებ მკაფიოდ, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ არ სურთ, თუ ეს არ არის ის, რაც მათ გადაწყვიტეს, რომ გააკეთონ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს ერთიანი ფრონტი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ათასობით მოქალაქეს კლავს და ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს.
„ამ ვითარებაში, ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვაჩვენოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის ამ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კლავს ათასობით მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს.
სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე გავლენის მოსახდენად. მე ვაცხადებ მკაფიოდ, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ არ სურთ, თუ ეს არ არის ის, რაც მათ გადაწყვიტეს, რომ გააკეთონ. ორმხრივი სანქციები საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ის, რაც მოსალოდნელია ყველა ქვეყნისგან და მათ შორის ჩემი ქვეყნისგან, რომლებიც დგანან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის აღსრულება. საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ, იქნებოდა ეს სანქციები ირანისა თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, აშშ და ყველა ქვეყანა, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების.
ასე რომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ საკითხები, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე. საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შესაძლოა, არ აისახოს საქართველოზე პირდაპირ. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება და გაგება, რომ საქართველო, ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობა, აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ. არის შედეგები ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო სასანქციო რეჟიმს. ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ვფიქრობ, საკვანძო საკითხია, რომ ჩვენ ყველა ვაგზავნით უკრაინისადმი მხარდაჭერის ერთიან გზავნილს და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის აღსრულება“, – განაცხადა დეგნანმა.