რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, სადაც 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მოადგილემ სერჰი ორლოვმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა.
ორლოვის განცხადებით, შენობას დაახლოებით 1000-დან 1200-მდე ადამიანი აფარებდა თავს.
მისივე თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ორლოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი თავს დაესხა მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონას, რომელიც მარიუპოლიდან ქალაქ ზაპორიჟიასკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა, რის შედეგადაც დაიჭრა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.
მარიუპოლი რამდენიმე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადისა და მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი, იწურება სურსათისა და მედიკამენტების მარაგი.
რუსეთი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ან ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყველა მცდელობას ხელს უშლის გამუდმებული თავდასხმებით.