შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.
"პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, გადავცემთ შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს ამ სისტემებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ დოლარის დახმარებას გაუგზავნის.
"მხოლოდ ამ კვირაში უსაფრთხოების სფეროში ახალი დახმარება 1 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. დახმარების აღნიშნული პაკეტი მოიცავს 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინელებმა შეძლონ რუსული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შეჩერება და დაიცვან თავიანთი საჰაერო სივრცე", - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, უკრაინაში გაიგზავნება 9 ათასი ერთეული ანტისატანკო შეიარაღება, 7 ათასი ერთეული მცირე ზომის იარაღი, მათ შორის ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა, მათ შორის საარტილერიო.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მოუწოდა თუ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის ცის დახურვას, საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ რუსული თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად.