უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში არსებობს გარკვეული ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმებაც შესაძლებელია. ამის შესახებ აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფორმულირებები ეხება უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალურ სტატუსს.
"ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება ერთობლივად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. ეს ზუსტად ის არის, რაზეც პრეზიდენტი პუტინი თებერვალს ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ლაპარაკობდა: ნებისმიერი შესაძლო ვარიანტები, ნებისმიერი ზოგადად მისაღები უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის და ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ნატოს გაფართოების გარდა", - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
ლავროვის თქმით, კონკრეტული ფორმულირებები განიხილება მოლაპარაკებებზე, რომლებიც ახლოა შეთანხმებასთან.
მისივე განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები "იოლი არ არის", მაგრამ არის "კომპრომისის იმედი".
"მე ვხელმძღვანელობ ჩვენი მომლაპარაკებლების მიერ მოწოდებული შეფასებებით", - ამბობს ლავროვი.