შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს.
რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის მიერ წარდგენილმა რეზოლუციის პროექტმა სენატში ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.
რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი ძალადობა, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
სენატი მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს პუტინის, მისი უშიშროების საბჭოს წევრების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.
რეზოლუაციას არ აქვს კანონის ძალა, მაგრამ ასახავს ამერიკელი კანონმდებლების დამოკიდებულებას პუტინისა და მისი ქმედებების მიმართ უკრაინაში.
ამ თვის დასაწყისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაიწყო გამოძიება უკრაინაში შესაძლო ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრას საერთაშორისო სამართლის მიხედვით "აგრესიის დანაშაული" უწოდა.
"იერიშები დაცულ ადგილებზე, როგორიცაა საავადმყოფოები და სკოლები, იარაღის განურჩევლად გამოყენება, ბალისტიკური რაკეტების, აკრძალული იარაღის, კასეტური ბომბების გამოყენება, შეიძლება კვალიფიცირებული იყოს, როგორც ომის დანაშაული", - აცხადებენ უფლებადამცველები.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.