რუსეთმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ამერიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. იუწყება სახელმწიფო სააგენტო "ტასი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებსა და მათთან ასოცირებულ პირებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "სხვა საკითხებთან ერთად, სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა".
სანქცირებულთა სიაში შედიან:
ჯო ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტი;
ენტონი ბლინკენი - სახელმწიფო მდივანი;
ლოიდ ოსტინი - თავდაცვის მდივანი;
ჯეიკ სალივანი - პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში;
უილიამ ბერნსი - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს დირექტორი;
გენერალი მარკ მილი - აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი;
ჯენ ფსაკი - თეთრი სახლის პრესმდივანი;
სამანტა პაუერი - საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დირექტორი;
ჰანტერ ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტის შვილი;
ჰილარი კლინტონი - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არავითარი ეფექტის მოხდენა არ შეუძლია და დარჩება სიმბოლური ხასიათის ნაბიჯად.