"რამდენიმე წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხელისუფლებისთვის ტალახის სროლით იყვნენ დაკავებული და გვაკრიტიკებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ საკრიტიკოდ იმას, რომ ჰააგაში სამართალწარმოება იწყებოდა, მიმდინარეობდა და სწორედ ხელისუფლების მეცადინეობით ხდებოდა ეს ყველაფერი. არ საჭიროებს ახსნას, თუ რატომ მიიჩნევდნენ ამ ყველაფერს კრიტიკის საგნად ჩვენი ოპონენტები. ნიშანდობლივია, რომ ის, რისთვისაც ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, რისთვისაც ტალახს ესროდნენ, აღმოჩნდა ქვეყნისთვის ვეებერთელა წარმატების მომტანი. ასე ხდება სამწუხაროდ ხშირად, და ამას ხალხი კარგად ხედავს. ხედავს, რომ ჰააგაზე ჯერ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ახლა იგივე საქმე საკუთარ წარმატებად მონათლეს",-ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ჰააგის სასამრთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლებრივი მთავარი არგუმენტი იქნება დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოსთვის.
„დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, იუსტიციის სამინისტრო, პირადად თეა წულუკიანი გახდა არაერთი ბინძური თავდასხმის ადრესატი ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც საფუძველი ეყრებოდა იმ საქმეს, რამაც ამჟამად მოიტანა ის ისტორიული გამარჯვებები, რომლის ერთ-ერთი მაგალითი იყო წინა კვირაში ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
წინა კვირაში, ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება შეფასდა არაერთი ანალიტიკოსის მხრიდან, როგორც ისტორიული და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომელიც პირველია იმ გადაწყვეტილებათა შორის, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი მთავრი არგუმენტი იქნება დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ნამდვილად არის ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი და საეტაპო, რადგან ეს არის იმ იდეის გამარჯვება, რომელიც შეაიარაღებს საქართველოს მყარი და უდავო სამართლებრივი ინსტრუმენტებით. რომლითაც იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიზნის მიღწევა. მიზნისა, რომელიც რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მიზნად",-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.