საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
პოლიტსაბჭოს განცხადებით, კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. "განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს".
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, "აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას".
მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
"საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.
ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.
ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია", - წერია ქართული ოცნების განცხადებაში.