სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 72 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა.
"სლოვაკეთის სადაზვერვო სამსახურების მოხსენების საფუძველზე, სლოვაკეთის რესპუბლიკამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება სლოვაკეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის გამო", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
გავრცელებული ცნობით, რუსი დიპლომატების გაძევება უკავშირდება საქმეს, რომელსაც სლოვაკეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტო იძიებს.
ამ საქმის ფარგლებში, სააგენტომ მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკის, სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლისა და დაზვერვის დეპარტამენტის ვებგვერდთან დაკავშირებული პირების დაკავების ორდერები გამოსცა.
გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა სლოვაკეთის მოხელეები მოისყიდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
სლოვაკეთის მედიის ცნობით, მსგავს მოვლენებს ქვეყნის ისტორიაში ანალოგი არ აქვს.