საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, სავალუტო ფონდი შეუძლებლად აღარ მიიჩნევს რუსეთში დეფოლტის დადგომას.
მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკას, ახალი სანქციების გამო, ღრმა რეცესია მოელის.
"სანქციები საკმაოდ მკაცრ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ ველით ღრმა რეცესიას რუსეთში", - თქვა გეორგიევამ CBS-თან ინტერვიუში.
კრისტალინა გეორგიავას დეფოლტთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ შეუძლებლად აღარ მიიჩნევს, მეტი დეტალი არ უთქვამს.
კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება არ გამოიწვევს გლობალურ კრიზისს, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამცირებს პროგნოზებს გლობალური მშპ-ს ზრდის შესახებ 2022 წელს.
"მე შემიძლია გითხრათ, რას ვხედავთ ამ მომენტში. ჩვენ ვამცირებთ ჩვენს პროგნოზებს გლობალური მშპ-ს ზრდის შესახებ 2022 წელს", - დასძინა მან.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში დეფოლტის პირობები არ არსებობს.
ფაქტობრივად, როგორც ასეთი, არ არსებობს დეფოლტის პირობები, თუ ისინი ხელოვნურად არ შეიქმნა", - თქვა პესკოვმა.