რუსეთის სამხედრო კონტროლქვეშ მყოფი მელიტოპოლის "ახალი მერი" გალინა დალინჩენკო ირწმუნება, რომ იგი ამ თანამდებობაზე აირჩიეს.
თავის სატელევიზიო განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გამოქვეყნდა, დანილჩენკომ თქვა, რომ მისი "მთავარი ამოცანაა ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რათა ქალაქი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას".
დანილჩენკოს განცხადებით, მას სურს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები "მოერგონ ახალ რეალობას, რათა დავიწყოთ ახალი ცხოვრების შენება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება".
მისივე განცხადებით, ყალიბდება დეპუტატთა კომიტეტი, რომელიც იზრუნებს ქალაქზე.
რუსმა ოკუპანტებმა გალინა დალინჩენკო მელიტოპოლის "ახალ მერად დანიშნეს" მას შემდეგ, რაც არჩეული ლეგიტიმური მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს.
გალინა დალინჩენკო ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრია.
მელიტოპოლი არის ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, რომელიც მდებარეობს ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლსა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ხერსონს შორის.
რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი დაიკავეს შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ივან ფიოდოროვი პარასკევს გაიტაცეს.
ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუგანსკის რეგიონულმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფიოდოროვმა ჩაიდინა ტერორისტული დანაშაული. ლუგანსკის პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ფიოდოროვს ბრალად ედება ტერორისტული ქმედებების ხელშეწყობა და დაფინანსება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მისი დაუყონებლივ გათავისუფლება და თქვა, რომ ეს იყო "დანაშაული დემოკრატიის წინააღმდეგ".
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გადავიდა ტერორის ახალ ეტაპზე და ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს უკრაინის ლეგიტიმური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფედოროვის გატაცებას "ომის დანაშაული" უწოდა.
მელიტოპოლის მერის გატაცება ქალაქის ასობით მაცხოვრებელმა გააპროტესტა მერიის შენობის წინ, შეკრებილები სკანდირებდნენ „თავისუფლება მერს“.