უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსეთის სამხედრო კონტროლს ექვემდებარება, ახალი მერი დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარასკევს მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, იტყობინება ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაცია.
ოკუპანტების მიერ დანიშნული მერი ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი გალინა დალინჩენკოა, რომელმაც უკვე მიმართა ქალაქის მოსახლეობას.
თავის სატელევიზიო განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გამოქვეყნდა, დანილჩენკომ თქვა, რომ მისი "მთავარი ამოცანაა ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რათა ქალაქი დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას".
მელიტოპოლი არის ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, რომელიც მდებარეობს ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლსა და ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხერსონს შორის.
რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი დაიკავეს შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ივან ფიოდოროვი პარასკევს გაიტაცეს.
ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუგანსკის რეგიონულმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფიოდოროვმა ჩაიდინა ტერორისტული დანაშაული. ლუგანსკის პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ფიოდოროვს ბრალად ედება ტერორისტული ქმედებების ხელშეწყობა და დაფინანსება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მისი დაუყონებლივ გათავისუფლება და თქვა, რომ ეს იყო "დანაშაული დემოკრატიის წინააღმდეგ".
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გადავიდა ტერორის ახალ ეტაპზე და ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს უკრაინის ლეგიტიმური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფედოროვის გატაცებას "ომის დანაშაული" უწოდა.
მელიტოპოლის მერის გატაცება ქალაქის ასობით მაცხოვრებელმა გააპროტესტა მერიის შენობის წინ, შეკრებილები სკანდირებდნენ „თავისუფლება მერს“.