ლვოვის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იავოროვის სამხედრო პოლიგონს ავიადარტყმები მიაყენა. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა რვა რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
ლვოვთან მდებარე იავოროვის პოლიგონი, რომელიც "სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს" წარმოადგენს, ქალაქ ლვოვიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.
"ოკუპანტებმა განახორციელეს ავიადარტყმა სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემებით, მათ რვა რაკეტა ისროლეს", - აღნიშნა კოზიცკიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ იავოროვის პოლიგინზე დარტყმით, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში მშვიდი და უსაფრთხო ადგილი არ არის.
გავრცელებული ცნობით, ავიარიერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ სამხედრო ცენტრში უკრაინელებთან ერთად, უცხოელი სამხედრო პერსონალიც იყო განლაგებული.
ცენტრს ნატოს ქვეყნები იყენებენ სასწავლო წვრთნების ჩასატარებლად.
ცენტრო პოლონეთის საზღვრიდან, ნატოს ტერიტორიიდან, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. დასავლური მედიის ცნობით, ეს თავდასხმა არის "უკრაინის ყველაზე დასავლეთით" განხორციელებული თავდასხმა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოვლინდა. ამ დრომდე უკრაინის დასავლეთით საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.