გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ შეწყვეტს რუსეთისგან ენერგომატარებლების იმპორტს.
"ეს არის შეგნებული, გონივრული და გასაგები გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან, რომ არ შევაჩერებთ იმპორტს, რომელიც ამჟამად ევროპას აქვს ენერგეტიკის სექტორში", - განაცხადა მან ვერსალში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ.
შოლცის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ამ საკითხზე აბსოლუტურად ერთსულოვანი არიან.
"ევროპა ბევრად უფრო არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, ვიდრე, მაგალითად, შეერთებული შტატები და კანადა, რომელთაც, შესაბამისად, უადვილდებათ სიტუაციასთან გამკლავება. მათ იციან, რომ რასაც ისინი აკეთებენ, იმავეს გაკეთება ევროპაში არ შეგვიძლია", - განმარტა კანცლერმა.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსული იმპორტის წილი გერმანიის გაზის მიწოდებაში დაახლოებით 55 პროცენტია, ნახშირის მიწოდებაში - დაახლოებით 50 პროცენტი, ხოლო ნავთობის მიწოდებაში - დაახლოებით 35 პროცენტი.
ამასთან, შოლცის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები სხვა სფეროებში სანქციების გაზრდას აპირებენ, რაც რუსეთის ეკონომიკურ განვითარებაზე მყისიერ შედეგებს მოიტანს.
ევროკავშირი გეგმავს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გათავისუფლდეს რუსეთის დამოკიდებულებისგან ენერგომომარაგების სფეროში.
"მაისის ბოლომდე ჩვენ წარვადგენთ წინადადებას, თუ როგორ გავთავისუფლდეთ 2027 წლისთვის რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე დამოკიდებულებისგან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვერსალში ევროკავშირის სამიტზე.