რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო რუსეთის არმიამ მიზანმიმართულად დაბომბა.
ამის შესახებ მან ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლი "სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა".
"რამდენიმე დღის წინ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რუსეთის დელეგაციამ წარადგინა ფაქტები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სამშობიარო სახლში იმყოფებოდნენ "აზოვის" ბატალიონი და სხვა რადიკალები. მათ იქიდან გაყარეს მშობიარეები, მედდები და მთელი პერსონალი. იქ განლაგებული იყო "აზოვის" ბატალიონის ულტრარადიკალური ბაზა", - განაცხადა აგრესორმა ლავროვმა.
მან აღაიარა, რომ ნახა მარიუპოლის კადრები, თუმცა მისი თქმით, ეს იყო მანიპულაცია და აღნიშნა, რომ მედია მეორე მხარის პოზიციებს არ აშუქებს.
"პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ მოთქმას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ ე.წ სიმხეცეზე", - ცინიკურად განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გუშინ, 9 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
დასავლეთმა მკაცრად დაგმო სამშობიარო სახლზე თავდასხმა და მას ამაზრზენი ქმედება უწოდა.