რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთის ფედერაცია სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: "ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, არც უკრაინას დავსხმივართ თავს".
"ჩვენ უბრალოდ არაერთხელ ავუხსენით უკრაინას, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. მიუხედავად ჩვენი მრავალწლიანი შეხსენებების, შეგონების, მოწოდებებისა, არავინ მოგვისმინა", - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, ანტალიაში მის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან მოლაპარაკების შემდეგ.
ამავდროულად, ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავდა თავდასხმას „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებზე“.
"ახალი ფაქტები, რომლებიც ვლინდება, მიუთითებს იმაზე, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებზე, დაგეგმილი იყო თავდასხმა ამ თვეში", - თქვა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, „არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.
ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.