„ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის დეზინფორმაციის, ტყუილის და პროპაგანდის ტალღა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩვენ არ გვსურს უკრაინის ტრაგედიის თეატრალიზება პარლამენტში. თქვენ, სამწუხაროდ, დაკავებული ხართ სწორედ უკრაინის საკითხის თეატრალიზებით. როდესაც ომი დაიწყო, ჩემს უკრაინელ კოლეგას შევთავაზე სატელეფონო ზარი, თუმცა, განვითარებული მოვლენების გამო, ეს ზარი ვერ შედგა. რაც შეეხება განცხადებებს, გვესმის უკრაინაში არსებული მდგომარეობა და მათ შორის, ემოციური განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამაზე უფრო მწვავე განცხადებები ისმის მათი მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ. ჩვენ, ალბათ, ვართ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთის მხრივ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინის საკითხი, უსაფრთხოების კუთხით, პირდაპირ გადაბმულია საქართველოს უსაფრთხოებასთან და მეორეს მხრივ, ხდება ამის საპირისპირო მოქმედება და ამის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.