"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება.
"ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ერთიანი კანდიდატი გამოიკვეთოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში. ამით ჩვენ დავამარცხებთ სააკაშვილის ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში, რაც წინაპირობა გახდება, შემდეგ მთლიანად რეჟიმის შესაცვლელად", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ოპოზიცური პარტიები მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრაიმერის ჩატარების იდეას მხარს უჭერენ.
"შიდა არჩევნები სავარაუდოდ თებერვალში ჩატარდება, რომელშიც "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და როგორც გაცხადდა, პარტია ამ პოსტზე ჩემი კანდიდატურის დაყენებას აპირებს", - განმარტა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ "კონსერვატორებმა" თბილისის მერის პოსტზე
საკუთარ კანდიდატად ძიძიგური დღეს ოფიციალურად დაასახელეს.
ოპოზიციური პარტიებიდან ძიძიგური თბილისის მერობის რიგით მესამე კანდიდატია. ის ამ პოსტის დასაკავებლად ირაკლი ალასანიას და მეგობარ კობა დავითაშვილს დაუპირისპირდება.