უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მიუღებელი უწოდა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებს.
რუსეთის წინადადებაში ნახსენები ოთხი ქალაქიდან, მხოლოდ მარიუპოლსა და სუმის აქვს ევაკუაციის მარშრუტები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის სხვა ნაწილებისკენ მიდის. ყველა სხვა მარშრუტი ევაკუაციას ითვალისწინებს ან რუსეთში, ან მის მოკავშირე ბელარუსში.
"ეს არის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის მიუღებელი გზა. ჩვენი ხალხი არ წავა კიევიდან ბელარუსში, რათა შემდეგ რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანონ", - განაცხადა ვერეშჩუკმა.
ვერეშჩუკმა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს დერეფნების შექმნაში დახმარებისკენ მოუწოდა.
"უკრაინის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება დატოვონ თავიანთი სახლები უკრაინის ტერიტორიის გავლით“, - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსული მედია იუწყებოდა, რომ ოკუპანტები ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდნენ სუმის, კიევის, მარიუპოლისა და ხარკოვის მოსახლეობისათვის.