უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზე რუსეთთან, რომელიც მას დამატებით რესურსებს მისცემს უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაშია ნათქვამი.
"კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს, რომლის მთავრობაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება, რუსეთს აძლევს დამატებით რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად, მიღებული შემოსავალი კი გაჟღენთილი იქნება უკრაინელების სისხლით.
"2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველ ხალხისთვის კარგად არის ნაცნობი ომის საშინელებები, რომელსაც ახლა უკრაინელები გადიან.
საქართველოს ხელისუფლებამ დაივიწყა ეს და ახლა ცდილობს გამოიყენოს მომენტი თავისი ინტერესებისათვის", - განაცხადა ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა 15 ქართულ კომპანიას საშუალება მისცა, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით კი, რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.