უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად, მთლიანად განადგურდა სამოქალაქო აეროპორტი ვინიცასთან, სოფელ გავრიშოვკასთან ახლოს.
"ახლახან მაცნობეს, რომ ვინიცას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა რუსეთს არასდროს უქმნიდა საფრთხეს.
სარაკეტო დარტყმა - სასტიკი, ცინიკური. სრულად განადგურებულია აეროპორტი. ისინი [ოკუპანტები] აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელსაც ვაშენებდით ჩვენ, ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებიები და პაპები, უკრაინელების თაობა.
ყოველ დღე ვიმეორებთ: "დახურეთ უკრაინის ცა, დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების, ავიაბომბების გარეშე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, დაიცვათ ადამიანები და თქვენ ეს შეგიძლიათ...
თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რათა შევძლოთ ჩვენი თავის დაცვა, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ნელ-ნელა გვკლავდნენ. ეს მსოფლიოს და დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. დღეიდან და სამუდამოდ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ვინიცა კიევიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.
ცოტა ხნით ადრე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში აეროპორტზე თავდასხმის კადრები გამოაქვეყნა.
რუსეთი განაგრძობს მტკიცებას, რომ თავს არ ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ სამხედრო ობიექტები აქვს მიზანში ამოღებული.